პაპუაშვილი: ტრამპის მკვლელობის მცდელობამ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა დაადასტურა

პაპუაშვილის თქმით, მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის თუნდაც თეორიული გამარჯვება საქართველოში ეკონომიკურ ნგრევასა და დაბნეულობას ნიშნავს.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების განცხადებები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის შემდეგ გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკვლელობის მცდელობაში „გლობალური ომის პარტია" და ლიბერალური ფაშიზმი დაადანაშაულა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებებით ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს შეერთებულ შტატებს.
„დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და ამაზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის", დაწერა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
პაპუაშვილის თქმით, მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის თუნდაც თეორიული გამარჯვება საქართველოში ეკონომიკურ ნგრევასა და დაბნეულობას ნიშნავს.
„უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს", - დაწერა პაპუაშვილმა.
ყველგან და ყოველთვის გახსოვდეს საქართველო, აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
„რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა შაბათს, პენსილვანიის შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სავარაუდო თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც FBI-ის წარმომადგენლებმა გაანეიტრალეს. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ლოცულობს ტრამპის გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ აქვს საკმარისი ფაქტები იმისთვის, რომ პენსილვანიაში მომხდარს მისი ოპონენტის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა უწოდოს.
კონგრესმენების ნაწილმა მოქმედი პრეზიდენტი ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა.