შემომავალი ზარები უცხო ნომრებიდან - საქართველოს მოქალაქეები თაღლითების შესახებ გააფრთხილეს

სამსახური მოქალაქეებს ურჩევს ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენონ ძლიერი პაროლი, ისარგებლონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება უცხო ნომრებიდან შემომავალი ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიმართ, რომლებიც პირადი მონაცემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეები მობილურ ტელეფონზე უცნობი ნომრებიდან ხშირად იღებენ SMS შეტყობინებებს და გამოტოვებულ ზარებს. გარდა ამისა, მსგავსი ზარები და შეტყობინებები ასევე ხორციელდება სხვადასხვა მობილური აპლიკაციის მესენჯერების მეშვეობით.
„გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან მიმართებით, რამდენადაც აღნიშნულ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყებამ ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებს რამდენიმე რეკომენდაცია გაუზიარა.
შემომავალ ზარებთან მიმართებით:
დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხორციელდება არასტანდარტული ინდექსის ან სტანდარტულისგან განსხვავებული ციფრთა კომბინაციით, არ უპასუხოთ მას და დაბლოკეთ ნომერი;
თუ დაგხვდათ გამოტოვებული ზარი და ის შეიცავს მსგავს (არასტანდარტულ) მახასიათებლებს, არ დაუკავშირდეთ აღნიშნულ ნომერს;
თუ არ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირთან, არ უპასუხოთ საქართველოს შიდა ინდექსისგან (+995) განსხვავებულ შემომავალ ზარს;
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ შემომავალ ზარს, არ გაუზიაროთ თქვენთან, ოჯახის წევრებთან ან ნაცნობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია.
შეტყობინებებთან დაკავშირებით:
დაკვირვებით გაეცანით შეტყობინების შინაარსს, რომელიც შესაძლოა მიიღოთ როგორც მოკლე ტექსტური სახით (SMS), აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციით (Messenger, WhatsApp, Viber, Telegram, Signal). როგორც წესი, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გრამატიკულად გაუმართავია, რაც მათი იდენტიფიცირების მარტივ შესაძლებლობას იძლევა;
არ განახორციელოთ ამ შეტყობინებებზე უკუკავშირი არც ზარის და არც საპასუხო ტექსტის მეშვეობით;
არ გადახვიდეთ შეტყობინებებზე მითითებულ ბმულებზე. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაწილი შეიძლება არსებული ვებ-გვერდების მისამართის მიმსგავსებულ ანალოგიას, ხოლო ნაწილი ასოთა ან სიტყვათა უშინაარსო წყობას წარმოადგენდეს.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შინაარსის შეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის გათამაშებასთან, კონკურსთან და საფოსტო გზავნილის მიღებასთან.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენონ ძლიერი პაროლი, ისარგებლონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით (2FA) და სისტემატიურად განაახლონ პაროლები.
უწყება ასევე ურჩევს მოქალაქეებს, აღნიშნული ინფორმაცია გაუზიარონ ოჯახის წევრებს, მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.