თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებების ხელმოწერაზე, რომლებიც საპენსიო სააგენტოს რეფორმას ითვალისწინებს და პროექტი ხელმოსაწერად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დაუბრუნა, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
საპენსიო სააგენტოს რეფორმა, რომლის მიხედვითაც სააგენტოს სახელისა და მართვის სისტემის შეცვლა იგეგმება, პარლამენტმა 28 ივნისს მიიღო.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი პენსიის კანონში შესატან ცვლილებებს და აღნიშნული კანონი პარლამენტს დაუბრუნა“, - განაცხადა მსხილაძემ.
მან ასევე თქვა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მან ვეტოს უფლებით ისარგებლა.
„აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით, ე.წ ვეტოს გადაგზავნას. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პუნქტი პრემიერ-მინისტრის მიერ საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ.
„განხორციელებული ცვლილებით ფონდის საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა აღნიშნული მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია“, - განაცხადა მსხილაძემ.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების რისკები განსაკუთრებულად საყურადღებოა.
„აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, გაუმართლებელია ისეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც არყევს საპენსიო რეფორმის მიმართ მოსახლეობის ნდობას.
რას ითვალისწინებს ცვლილებები
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების თანახმად 2025 წლის მაისისთვის საქართველოს საპენსიო სააგენტო სახელწოდებას შეიცვლის და მისი მართვა ახლებურად განხორციელდება.
საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იქნება „საქართველოს საპენსიო ფონდი“ და მის მართვას საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ერთი ორგანო - მმართველობითი საბჭო განახორციელებს.
მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 პირისგან, რომელთა უმეტესობაც იქნება პროფესიონალი, საბჭოს წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე თანამდებობის პირთა რაოდენობა იქნება ერთი ან ორი.
პროფესიონალ წევრებს კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ხუთი წლის ვადით დანიშნავს. სავალდებულო მოთხოვნაა - განათლება და მინიმუმ ათწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკისა და რისკების მართვის სექტორებში. მმართველ საბჭოში თანამდებობის პირებს კონკურსის წესით საქართველოს პარლამენტი დანიშნავს.
მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1-ელ მარტამდე დაკომპლექტდება.
მმართველობითი საბჭო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს და 2025 წლის 1-ელ მაისამდე დაამტკიცებს საპენსიო ფონდის წესდებას და სტრუქტურას.