თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღესვე მოვაწერ ხელს ცვლილებებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში, რომელიც საპენსიო სააგენტოს რეფორმას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა აღნიშნულ კანონში ცვლილებების ხელმოწერაზე და პროექტი ხელმოსაწერად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დაუბრუნა.
„იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონი სალომეს საპარლამენტო მდივანს მოსვლა პარლამენტში და ამიტომ უბრალოდ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს ხელს დღეს და შესაბამისად შევა ძალაში გამოქვეყნებისთანავე“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პუნქტი პრემიერ-მინისტრის მიერ საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ.
პრეზიდენტის თვალსაზრისით, აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.