პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ საარჩევნოდ აფერას ამზადებს

საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის შეცვლით ამომრჩევლის დაბნევა სურს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა სახელწოდებით „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“. საარჩევნოდ ასევე გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული პარტიები „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
„საუბარია იმაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებზე ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ მათ აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის საარჩევნო აფერა, რომელიც ახლა მზადდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ საკუთარ სახელწოდებაზე უარი თქვა რათა ამომრჩევლები დააბნიოს და ასევე საზოგადოების წინაშე სირცხვილის გამო.
„იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, თითქოს არსებობს რაღაც სხვა ძალები ან ალტერნატივები „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ სახელი კი შეიცვალა, მაგრამ ბიულეტენში თავის რიგით ნომერზე უარი არ უთქვამს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელიც კი გადაირქვა. მართალია, რიცხვ 5-ს ვერ შეელივნენ, მაინც კაბალისტური აზრები დევს მათში და ნუმეროლოგიისკენ შეიძლება მიდრეკილება აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან „ნაცმოძრაობას“ სპეცსამსახურების აგენტები უწოდა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი.
„ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს. უნდა აირჩიონ ომი უნდათ თუ მშვიდობა. ვინც ხმას მისცემს „ნაცებს“, ის ომის მხარეს არის. წერტილი. ეს მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ესენი კიდევ ბედავენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, პირდაპირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოქმედმა ადამიანებმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ წამოწყებული „ფაშისტური ბულინგის“. პრემიერის თქმით, ამ „ლიბერალური ფაშიზმის“ არავის ეშინია.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.