ციხეებს ასობით პატიმარი დატოვებს და ამით საზოგადოებას საფრთხე არ შეექმნება - პრემიერი

ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, რომელიც ასობით პატიმრის გათავისუფლებით საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
„ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები“, - განაცხადა პრემიერმა.
მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი სახეები: პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, სასჯელის განახევრება, შემცირება მეოთხედით ან მეექვსედით, აგრეთვე პირობითი სასჯელის ვადის შემცირება ერთი წლით.
ინიციატორების თქმით, ვადის ერთი მეექვსით შემცირება სსკ-ის 225 მუხლით იგეგმება.
დეპუტატმა დაგეგმილი ამნისტიის შესახებ ოპონენტების განცხადებებს სპეკულაცია უწოდა>>
ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სრული გათავისუფლების წესით ამნისტია შეეხება პატიმართა 10-%-ს, მთლიანობაში კი ამნისტია შეეხება პატიმრობაში მყოფი პირთა ერთ მესამედს. დაახლოებით 7 ათას პრობაციონერს მოეხსნება პრობაცია, რადგან წელიწადზე ნაკლები აქვთ დარჩენილი.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს, რაც „ამნისტიის შესახებ" კანონის წყალობით შეიძლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვაში ოპოზიცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. კობახიძის თქმით, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.