საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

შეწყალების აქტი შეეხო 13 პატიმარს, რომელთაგანაც 6 საპატიმროს დატოვებს.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს შეწყალების კომისიის რეკომენდაციების მიხედვით მსჯავრდებულის განცხადების და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექვსი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ხუთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთ ქალ მსჯავრდებულს.
შეწყალების აქტი ასევე შეეხო ორ მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.