თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.
პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 15 დღე დარჩა. საფრანგეთის დედაქალაქში 206 ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სპორტსმენს ელოდებიან, რომლებიც მედლების 329 კომპლექტს გაითამაშებენ. ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.
ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს:
თავისუფალი ჭიდაობა (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი);
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო (11 ლიცენზია): გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი), ლაშა შავდათუაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი), ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური (ოლიმპიური ჩემპიონი), ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი (ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი), ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა (სამი ლიცენზია): ლაშა ტალახაძე (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი), შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი (ორი ლიცენზია): ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა (ერთი ლიცენზია): სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა (ერთი ლიცენზია): ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა (ერთი ლიცენზია): ნინო სალუქვაძე;
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური მოწვევა (Wild Card) სამმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ორი ლიცენზია ცურვაში - ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა და ერთი მძლეოსნობაში - ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).
აღსანიშნავია, რომ 55 წლის ნინო სალუქვაძისთვის პარიზის ოლიმპიადა კარიერაში უკვე მეათე იქნება. მისი მიღწევები მოიცავს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიურ მედლებს.
1988 წელს 19 წლის ნინო სალუქვაძემ სეულის ოლიმპიადაზე სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.