თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა და ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აუდიტი გერმანული კომპანია TÜV NORD CERT GmbH-ის მიერ ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით ჩატარდა - აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახურია საქართველოში, სადაც ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა და წარმატებით გავლილი აუდიტების შედეგად ISO 9001:2015 განახლებულ სერტიფიკატს ფლობს.
„ISO სერტიფიკატი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ სააგენტო ყველა რესურსს და საშუალებას იყენებს, რათა უზრუნველყოს უწყვეტი, სისტემური და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევა საზღვაო სფეროში“, - განაცხადა ახვლედიანმა.
უწყების ცნობით, სააგენტო მონიტორინგს უწევს საზღვაო სექტორში დასაქმებულ კერძო სექტორსაც, მათ შორის, საკრუინგო კომპანიებს, საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, სამედიცინო და საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებებს. შესაბამისად, ხარისხის მართვის სისტემა ამ ორგანიზაციებშიცაა დანერგილი.
საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ე.წ. თეთრ სიაში ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება.
ამ წლებში სრულიად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც მეზღვაურის პროფესია განისაზღვრა რეგულირებად პროფესიად.
სააგენტო მონაწილეობს საზღვაო სასწავლებლების ავტორიზაციაში, პროგრამების აკრედიტაციაში, მონიტორინგს უწევს მეზღვაურთა საწვრთნელ პროცესს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სადამკვირვებლო აუდიტს 2012 წლიდან ყოველწლიურად გადის, ხოლო ყოველ 3 წელიწადში სასერტიფიკაციო აუდიტს და აახლებს ხარისხის სერტიფიკატს.