პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

Sputnik
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და მათი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს უცხო სატელეფონო ნომრებიდან უგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც შეტყობინების გამგზავნი პირები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით.
მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც მოქალაქეებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას, აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და ისინი გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემდგომი რეაგირების მიზნით.