კრაკოვმა ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლა

ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია იყო.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიa „ო-ლილეs“ ორგანიზებით გაიმართა, 20-მდე ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მეწარმეები.
სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa-ს სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მოყვარულები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალის ფარგლებში ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტი გაიმართა.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად იმართება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ლიტრი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.