ჩხაიძე: საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება

ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში ყივანახველას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, გასულ წელს კი სულ 119 შემთხვევა იყო აღრიცხული, განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და სპაზმური ხველებით.

„2024 წელი მართლაც გამოირჩევა შემთხვევების მკვეთრი მატებით და წლის ბოლომდე, ალბათ, მეტად გაიზრდება. ეს სტატისტიკა ასახავს იმ მაჩვენებელს, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშია დაფიქსირებული. თუმცა, არ ნიშნავს, რომ მარტო 700 შემთხვევა გვაქვს, უფრო მეტია. მიმდინარე წლის ყივანახველას გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია“,- აღნიშნა მედიკოსმა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი პოსტპანდემიურ პერიოდში ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცირებაა. დაავადების პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება, დასძინა ექიმმა.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს, რადგან დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.
როგორც ადრე მედიკოსმა აღნიშნა, ყივანახველას დაავადების პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკა ადვილი არ არის: ადრეული სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია. კერძოდ, პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა ჩვეულებრივი ვირუსივით მიმდინარეობს: იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატურა. ორი კვირის შემდეგ იწყება მისი კლასიკური სიმპტომები. მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.
საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმური ვაქცინაცია უფასოა.