საქართველოში უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინეს

დანაშაული eრთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, სხვადასხვა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივს ცვლიდა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში. შედეგად ბრალდებული კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე მუხლით, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.