თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებ დუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
საპატრიარქოს ცნობით, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
„დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები", - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 10 ივლისი.
სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს კვართის დღესასწაულსა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.