ჩხაიძე: ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი

მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოში ორი კვირაა გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის სხვა ვირუსები, განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, წელს საქართველოში გრიპის სეზონი გახანგრძლივდა. როგორც წესი, ეს პერიოდი გრძელდება ნოემბრიდან მარტის ან აპრილის ბოლომდე, წელს კი გრიპი იყო ერთ-ერთი წამყვანი ვირუსი ივნისის ბოლო პერიოდამდე.
„ბოლო ორი კვირაა, რაც გრიპი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის აღარ ფიქსირდება", - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოში ცირკულირებს სხვა ვირუსები: მეტაპნევმოვირუსი და ადენოვირუსი.
„გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია. მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მიმდინარე წლის 25-ე კვირა ამ ვირუსის სიჭარბითაა გამორჩეული, ასევე ბევრია ადენოვირუსის შემთხვევებ", - განაცხადა მედიკოსმა.
როგორც ექიმმა განმარტა, ორივე ვირუსი მსგავსია იმით, რომ იწვევს დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას: მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა 37-37,5 გრადუსი - მაქსიმუმ 38 გრადუსი. მათ არ ახასიათებთ ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში.
რაც შეეხება კორონავირუსს, ჩხაიძის თქმით, საქართველოში მისი შემთხვევები მცირე რაოდენობით მაინც ფიქსირდება - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 2-3% ეთმობა კორონავირუსს.
ჩხაიძემ ყივანახველაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანაში ყივანახველის შემთხვევების მკვეთრი მატება კვლავ ფიქსირდება.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმისთვის დროულად მიმართვა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ-ჯგუფში შემავალმა პირებმა.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.