თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი საჯაროა, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას დააკვირდეს კანდიდატების კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის საჯარო და გადმოიცემა ონლაინ-რეჟიმში, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს აძლევს საშუალებას, რომ თვალყური მიადევნონ კანდიდატების კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს და მოტივაციას ამ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში", - განაცხადა წილოსანმა.
ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ ახალი გენპროკურორის არჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალობაა.
„რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, რომ ფორმალურია ეს ყველაფერი, მე მათ შევახსენებ, რომ ფორმალური არის ზუსტად ეს მათი გაერთიანებები, დაყოფები, დაშლები და შეერთებები. ეს არის ფორმალური“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია, რომელიც ასევე არის საპროკურორო საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ შემდეგი გენერალური პროკურორი პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი იქნება.
დღეს სწორედ იგი წარდგა კომისიის წევრების წინაშე, რა დროსაც ხვიჩიამ გაბიტაშვილს წინასწარ მიულოცა თანამდებობაზე არჩევა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხართ მომავალი გენერალური პროკურორი და წინასწარ გილოცავთ, რადგანაც ამ სისტემაში წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ახლა სერიოზულად ვარჩევთ გენერალურ პროკურორს. დარწმუნებული ვარ, რომ ა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა ხვიჩიამ.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული, საიდანაც ხუთმა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, ორი ოპოზიციურმა პარტია „საქართველომ“, ოთხი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კანდიდატებს შორის ორი ქალია.
კანდიდატებს შორის არიან იურისტი გრიგოლ გაგნიძე, რომელსაც მხარი ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა, პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს და ასევე ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
არჩევის პროცესი
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.