მსოფლიო დღეს

საფრანგეთი: მემარცხენეები პრემიერობის კანდიდატს კვირის განმავლობაში დაასახელებენ

7 ივლისს საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს ერთი კვირის განმავლობაში წარადგენს, განაცხადა სოციალისტური პარტიის ლიდერმა ოლივიე ფორმა (Olivier Faure ).
საფრანგეთში კვირას ეროვნული ასამლეის - პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რომელიც გაზეთ Monde-მ გამოაქვეყნა, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, მიოიპოვა რა ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში 577-დან 182 ადგილი. მეორე ადგილი ემანუელ მაკრონის კოალიციამ „ერთად“ დაიკავა, რომელმაც ეროვნულ ასამბლეაში 168 ადგილი მიიღო. მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა და ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში 143 ადგილი მიიღო.
ოლივიე ფორის თქმით, კოალიციამ არ უნდა შექმნას „მმართველობისადმი უუნარობის განცდა“.
„არჩევანი (კანდიდატის) გაკეთდება ამ კვირაში, ან კონსენსუსის ან კენჭისყრის საფუძველზე,” - განაცხადა სოციალისტების ლიდერმა.
იმავდროულად, მემარცხენე ბლოკის ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა (Jean-Luc Mélenchon) მხარდამჭერებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნდა აღიაროს არჩევნებში დამარცხება, გადააყენოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი და მემარცხენე კოალიციას მისცეს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
პოლიტიკოსის თქმით, მემარცხენეები მზად არიან ახალ მთავრობაში განახორციელონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამა და გამორიცხავენ ალიანსს ოპონენტებთან მაკრონის კოალიციიდან.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა თავის წინამორბედ ფრანსუა ოლანდს ვადამდელი არჩევნების მეორე ტურის შედეგად ქვეყნის პარლამენტში არჩევა, იუწყება გაზეთი Figaro.
„ემანუელ მაკრონმა საღამოს დაურეკა ფრანსუა ოლანდს, რათა მისთვის მიელოცა“, - იუწყება Figaro.
მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი არ დუკავებია, მისი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო, განაცხადა მარინ ლე პენმა.
„ტალღა გორდება, ამჯერად ის საკმარისად მაღლა არ აგორდა, მაგრამ აგრძელებს აგორებას და ჩვენი გამარჯვება, როგორც შედეგი, სინამდვილეში მხოლოდ გადადებულია“, -ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკოსმა საფრანგეთში „ეროვნული გაერთიანების“ პოპულარობის ზრდის შესახებ.
9 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" უკან მოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის მხარდამჭერთა კოალიცია და ხმების 31,36% მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის, პარლამენტის ქვედა პალატის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორ ტურად ჩატარების შესახებ.
საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნები ორ ტურად - პირველი ტური 30 ივნისს, მეორე 7 ივლისს - ჩატარდა.
პირველი ტურის შედეგების თანახმად, ლიდერობდა მარინ ლე პენის პარტია. მეორე ტურის წინ ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობა ასევე მეტყველებდა იმაზე, რომ მემარჯვენეებს პარლამენტში უმსხვილესი პარტია ეყოლებოდათ, მაგრამ ვერ მიაღწევდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას. თუმცა, ჯამში, მართალია მათ პოზიციები გაიუმჯობესეს, მაგრამ პარლამენტში მხოლოდ მესამე პოლიტიკურ ძალად დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ მაკრონს, რომლის კოალიციამაც დაკარგა მანდატების მნიშვნელოვანი რაოდენობა, არჩევნების შემდეგ მოსახლეობისთვის არ მიუმართავს. მას ასევე არ გამოუცხადებია მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ გეგმებზე. მაკრონი სამშაბათს აშშ-ში უნდა იყოს, სადაც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.