როდის დასრულდება უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა

პროექტის თანახმად, გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი— Sputnik. საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა 2025 წლის იანვარში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ივნისის ბოლოს დაიწყო. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქში მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგებიდან და წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება.
„დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალ ავტომობილები პირდაპირ დაუკავშირდება ქავთარაძის ქუჩას შავიშვილის ქუჩის გავლით. ბაგები-წყნეთიდან წამოსული ნაკადები ძირითადად უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოხდება ნაკადების გადანაწილება და მოძრაობის განტვირთვა“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვირაბთან მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე გვირაბის გასწვრივ აშენდება რკინაბეტონის დამცავი კედლები.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია.
უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 30 მაისს გაიხსნა.