ევრო როგორც ტრამპლინი: ნაკრების ფეხბურთელებით ტოპ-ჩემპიონატების კლუბები ინტერესდებიან

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სატრანსფერო ბაზარი ქართველი მენეჯერებისთვის უფრო საინტერესო გახდა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალში გასვლა მოახერხა, ევროპისა და აზიის წამყვანი ლიგების კლუბები ეროვნული ნაკრების მოთამაშეებით დაინტერესდნენ.
ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს" ნახევარმცველით, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილით დაინტერესდა.
„მე, როგორც ფეხბურთის მენეჯერი, არ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მაგრამ ევრო 2024-ზე ამ ინგლისური კლუბის სკაუტმა მომმართა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოთქვა. ამის შესახებ ფეხბურთელის გარემოცვას ვაცნობე და სკაუტები ქოჩორაშვილის მენეჯერთან დავაკავშირე“, - განაცხადა საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ „პირველ არხზე".
მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სატრანსფერო ბაზარი ქართველი მენეჯერებისთვის უფრო საინტერესო გახდა.
„მალე ვნახავთ, განხორციელდება თუ არა ეს ტრანსფერი და მიაღწევენ თუ არა ბრიტანელები „ლევანტესთან" შეთანხმებას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - გიორგიმ დიდი შრომის ფასად გადადგა დიდი ნაბიჯი და მისი წარმატებები იქნება მაგალითი ახალგაზრდა მოთამაშეები“, - განაცხადა ოდილაძემ.
საქართველოს ნაკრებისა და გერმანიის „კარლსრუეს" ფორვარდის, 30 წლის ბუდუ ზივზივაძის შეძენით თურქეთის სუპერლიგისა და ინგლისის ჩემპიონატის კლუბები არიან დაინტერესებული.
„თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ ბუდუ ზივზივაძეს და შესთავაზეს კონტრაქტის გაფორმება. ახლა ბუდუმ თავად უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, განიხილავს თუ არა ამ წინადადებას", - განაცხადა ოდილაძემ.
საფეხბურთო აგენტი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ კლუბებს საჯაროდ არ დაასახელებდა, სანამ ფეხბურთელებთან შეთანხმება არ მიიღწევა.
გარდა ამისა, ევრო 2024-ის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის „აპოელის" მცველი, 29 წლის ლაშა დვალი, იაპონური კლუბ „ურავა რედ დაიმონდსის" და ზოგიერთი გერმანული კლუბის ყურადღების ობიექტი გახდა.
„იაპონური კლუბი პირადად არ დამკავშირებია. ამის შესახებ კვიპროსელებმა მითხრეს. ახლა ვისვენებ, შემდეგ კი კონცენტრირება მომიწევს „აპოელზე", რომელთანაც კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი და მინდა დავეხმარო მათ ევროპის თასის ჯგუფური ეტაპიდან გასვლაში", - განაცხადა დვალმა.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ვარიანტებს, საქართველოს ნაკრების მცველის თქმით, ევრო 2024-ზე მისი მენეჯერი გერმანიაში ჩავიდა და რამდენიმე გუნდის წარმომადგენელს შეხვდა.
„ჩვენ მალე გავარკვევთ, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა დვალმა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან 2 ივლისს დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.