თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რადიკალური ოპოზიციის ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა არჩევნების წინ ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, განაცხადა ჟურნალისტებთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას". პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" „ნაცმოძრაობასთანმ"გაერთიანება გამორიცხა.
„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ცდილობენ შემოიტანონ ყველაფერი ცუდი - საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა. ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოება მიზანმიმართულედ შეჰყავს შეცდომაში, როცა აცხადებს, რომ მათ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდნენ.
„ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რომ მათ ახალი პოლიტიკური სახეები ჰყავთ, თუმცა ეს ადამიანები დავიწყებული ძველი სახეებია „ნაცმოძრაობის" წიაღში აღმოცენებული რადიკალები“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყოფილ მმართველი პარტია შედგებოდა არა მხოლოდ ექს-პრეზიდენტ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილით, არამედ იმ ადამიანებით, რომლებმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავიანთი ბინძური საქციელით - პარტია „ახალის" ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
„საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა", - განაცხადა კალაძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ოფიციალურად არცერთ პარტიას არ დაუდასტურებია „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების მზადყოფნა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.