თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე „გლოვოს“ კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
არსებული ინფორმაციით, საღამოს კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.
ცნობილია, რომ დაშავებულ თემო სიგუას ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. დაშავებულის ახლობლები მის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
„დაფშვნილია ძვლები, ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი“, - აცხადებს დაშავებულის ახლობელი.
თემო სიგუას დედის განცხადებით, ბიჭმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.