თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 6 ივლისს, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, უამინდობამ განსაკუთრებით ზარალი მიაყენა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს - წვიმისა და ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზები.
„მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.