თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა კრწანისში სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.
6 ივლისს, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით დაზარალდა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონები.
„ძლიერმა ქარმა სახურავი ძირითადად კერძო დასახლებებში არსებულს სახლებს გადახადა. ზემო ფონიჭალაში ქარმა ხეები მოგლიჯა, კორპუსების სარდაფებში წყალი შევიდა, ამასთან, მოსახლეობას სახურავებიდან წყალი ჩაუვიდა”, -განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, გამგეობის სამსახურის თანამშრომლები ზარალს სწავლობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.