ილია მეორე: დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში.
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე, დირიჟორი და მასწავლებელი ლიანა ისაკაძე 5 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

„აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა. სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა“, - ნათქვამია წერილში.

ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინეა. ის შეყვანილია მსოფლიოს ყველა იმ გამოცემაში, რომელშიც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტურობით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.
ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი და ვუნდერკინდებს მიაკუთვნებდნენ. მან თავისით ისწავლა როიალზე დაკვრა და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი ვიოლინო აიღო ხელში.
მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში 9 წლის ლიანა ისაკაძეს აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო-კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. 10 წლის ასაკში იგი მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულა. ლიანა ისაკაძის სახელი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა.
12 წლის ლიანა ისაკაძეს პირველი პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ასაკში, როგორც გამონაკლისი, იგი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე (კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო), სადაც მეორე პრემია აიღო.
1974 წელს ისაკაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი, ხოლო 1975 წელს მან ითამაშა ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი".
ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.
1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.
2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, მისივე ავტოგრაფით.
ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.