თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ქართული ფეხბურთი, ქვეყნის მტრების აღელვების მიუხედავად, აგრძელებს განვითარებას და ლიბერალური ფაშიზმი ამაში ხელს ვერ შეუშლის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის სამიზნე გახდნენ მას შემდეგ, რაც მათ მადლობა გადაუხადეს ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ 30 მილიონი ლარის ჯილდოსთვის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლისთვის. კრიტიკოსების თქმით, ამ თანხის მიღება მიუღებელია, რადგან ივანიშვილი ფეხბურთელების ავტორიტეტს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის - ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ფეხბურთელებს, არ მიაქციონ ყურადღება ღვარძლიან გამონათქვამებს.
„ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ.
„ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის საჩუქარში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.
„არაფერი არაჩვეულებრივი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა და უპრეცედენტო ჯილდო გადასცა. მან გააკეთა ის, რასაც, 3-მილიარდდოლარიანი ქველმოქმედების ფონზე ყველა ელოდა და შესაბამისად, ვერავისთვის გასაკვირი ვერ იქნებოდა“, - დაწერა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება. „უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დადგომოდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მადლიერება ზოგადად და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.
„შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მასთან, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეაქცია „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილი იყო.
„უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს არა მხოლოდ როგორც პარტიაზე, არამედ როგორც მოვლენაზე, რომელმაც ყველაფერი ნეგატიური შეისისხლხორცა. გამუდმებით უთითებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ამ პარტიის ცხრაწლიან მმართველობას და მას სისხლიან რეჟიმს უწოდებენ.
პოლიტიკოსები და აქტივისტები ფეხბურთელების წინააღმდეგ
ფეხბურთელები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ივანიშვილს 30 მილიონისთვის, გააკრიტიკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა. ყველაზე ხისტი იყვნენ მასშტაბური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები, მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე.
„ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლიერების გამოხატვა არ მოგიწიოს... თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და ამისთვის იყენებს თქვენს სახელს და წარმატებას“, - დაწერა ბუღაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ფეხბურთელები ცუდ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს, ვისთვისაც ისინი იდეალები არიან.
ფეხბურთელებს „მოხვდათ" „ლეიბორისტული პარტიისგანაც".
„ფეხბურთის ნაკრების წევრი რომ ვიყო, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ ფულს ხელს არ დავაკარებ და, ბოლოს და ბოლოს, სიმსივნით დაავადებულთა ფონდში გადავრიცხავდი, რომლებიც ქუჩაში საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ითხოვენ", - დაწერა პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.
ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ მოხდეს ფეხბურთელების სიტყვების პოლიტიზირება.
„ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ ამ ბიჭებს. არ შეიძლება მათ ყოველ სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე. ეს არასწორია", - განაცხადა დაუშვილმა.
მან დადებითად შეაფასა ფეხბურთელების რეაქცია მიღებულ პრემიაზე.
„ეს ხალხი აკეთებს მაგარ საქმეს და დიდ ბედნიერებას გვანიჭებენ, მათ ყველას დიდი დღესასწაული მოგვიწყვეს. მჯერა, რომ მათი მხრიდან მადლიერების სიტყვები სწორია, მეც ასე მოვიქცეოდი", - განაცხადა დაუშვილმა.
დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფეხბურთელების დამსახურებაზე საუბარი ამჯობინეს.
„ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას დიდი სიხარული აჩუქეს, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და აჩვენეს, რომ როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ყველაფერი შეგვიძლია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაც კი“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან მმართველი პარტიის რეაქციას არათანმიმდევრული და არაადეკვატური უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერ კრიტიკას, მისაღები თუ არა, ბულინგი არ შეიძლება ეწოდოს.
ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფიდან გავიდოდა, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი 30 მილიონი ლარის პრემიას მიიღებდნენ. საქართველომ ამ მასშტაბის ტურნირში ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
პრემიის გადაცემის შესახებ ცნობილი ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა.