თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა.
პუტინმა პრემიერ-მინისტრთან დიალოგს გულახდილი და სასარგებლო უწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახლანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი ვაგრძელებთ დიალოგს. როგორც ბევრ წინა შეხვედრაზე, გვქონდა მართლაც სასარგებლო, გულახდილი საუბარი როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ ასპექტებზე, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ დღის წესრიგში არსებულ მწვავე საკითხებზე“, - განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და უნგრეთი აგრძელებენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში. რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანსაღი პრაგმატიზმი და ორმხრივი სარგებელი ორივე ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა იმ დროს, როდესაც ევროპას მშვიდობა სჭირდება.
„ეს შეხვედრა განსაკუთრებულია იმით, რომ იმართება ომის დროს, იმ მომენტში, როდესაც ევროპას ძალიან სჭირდება მშვიდობა“, - თქვა მან მოლაპარაკებების შემდეგ.
მისი თქმით, ევროპა თავს დაცულად ვერ გრძნობს, კონფლიქტი კი უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
„ჩვენ ევროპაში ახლა ომის ჩრდილში ვცხოვრობთ. ეს უზარმაზარ სირთულეებს ქმნის ევროპაში. ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ. ჩვენ ვხედავთ ნგრევისა და ტანჯვის სურათებს. ეს ომი უკვე გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე", - განაცხადა ორბანმა ბრიფინგზე .
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა საუკეთესოდ განვითარდა იმ ათწლეულებში, როცა მშვიდობა იყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად.
„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები (უკრაინის და რესეთის დარეგულირების - რედ.) ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. მე გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ორბანი მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე პარასკევს ჩავიდა. უნგრეთი 1 ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.