თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე (World Open Challenger) და სამი მედალი მოიპოვა.
ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები
© Georgian Paralympic Committee
ჯაფარიძემ ფინალურ ბრძოლაში აზიის ჩემპიონი, მონღოლი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ჩაჩიბაიამ მასპინძელ კორეელ პარასპორტსმენს მოუგო, ნიკოლაძემ კი რეიტინგის ლიდერ იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.
„ჩვენი ნაკრები საქართველოში სამი მედლით ბრუნდება. ვულოცავთ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის განცხადებაში.