დეპუტატი: ოპოზიციური პარტიები არ არიან „პოლიტიკური ქალწულები“ და იპოვიან მეწყვილეს

ხვიჩიას თქმით, დღეისთვის ოპოზიციის ქმედებები აბსურდულად გამოიყურება.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ძალიან მაკვირვებს, ოპოზიცია ამდენი ხანი რით ვერ გაერთიანდა, თუმცა ივლისში ან სექტემბერში ყველაფერს ნათელი მოეფინება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას". პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" „ნაცმოძრაობასთანმ"გაერთიანება გამორიცხა.
„ძალიან მაკვირვებს და მაოცებს ის ფაქტი, ამდენი ხანი ეს ხალხი რით ვერ დაწყვილდა. მათგან „პოლიტიკურად ქალწული" არავინ არ გახლავთ. გადაწყვეტილების მისაღებად ამდენს რას ფიქრობენ, რომ ერთი წელია, საშველი არ დააყენეს. უბრალოდ, ამ ამბავს ვერაფრით ვხსნი. ვფიქრობ, 8, 15 ივლისს ან სექტემბერში ამ საქმეს ნათელი მოეფინება", - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები აბსურდულად გამოიყურება.
„ყოფილი „ნაცები“ როდესაც ამბობენ, მიშა არ გვინდაო, რა ჰქვია ამას? ვიღაც ამბობს, „ნაცებთან“ არ ვითანამშრომლებო მაშინ, როდესაც ორი წლის წინ „ნაცების“ მოადგილეობისთვის იბრძოდა. ყველაფერი იმდენად აბსურდულად გამოიყურება, მართლა ვერ ვხვდები, რა აქვთ დასაკარგი. პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ახალიი“ ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან, რომლებმაც პარტია შიდა უთანხმოების გამო სხვადასხვა დროს დატოვეს. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ბანკირები იყვნენ.
2021 წელს ოპოზიციამ მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანება სცადა. მაშინ მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დასახელდა, ხოლო „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები გეგმის მიხედვით ვიცე-მერები უნდა გამხდარიყვნენ.
დღევანდელი მდგომარეობით, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ოფიციალურად არცერთ პარტიას არ დაუდასტურებია „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების მზადყოფნა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.