თბილისის რკინიგზის სადგურზე ბაქანს გაარემონტებენ

განაცხადის მიღება 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებისთვის 5,1 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის გამოცხადების მიზეზი ექსპერტთა დასკვნა გახდა, რომლის თანახმად, თბილისის რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნები არ აკმაყოფილებს ტექნიკურ-ესთეტიკურ და ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებს და საჭიროებს შეკეთებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად , გარემონტებას საჭიროებს სანიაღვრე სისტემაც.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 90 დღის ვადაში უნდა განახორციელოს ძველი ბაქნების დემონტაჟი და ააშენოს ახალი, დაამონტაჟოს ტაბლო, განათება, სკამები და სანაგვე ურნები, განაახლოს სადგურის შენობის კედელი, გაარემონტოს კიბის საფეხურები და დაამონტაჟოს ესკალატორი.
განაცხადის მიღება 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
განცხადების წარდგენისას პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰქონდეს შესრულებული 3 მლნლარიანი მინიმუმ ერთი სამშენებლო ხელშეკრულება.