თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქთან შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საპატრქიარქოს ცნობით, ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა და სიტყვით მიმართა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და ყველას, ვინც ნაკრებს მხარს უჭერდა.
„პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა და დღეს ეს ოცნება ამიხდა. ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მადლობა მთლიანად საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც ქართველებს გვაქვს. ეს მე ვიცოდი, ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ვაჩვენეთ მსოფლიოს და ამის გამო დიდი მადლობა“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილის თქმით, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
„დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისა და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია“, - განაცხადა კიტეიშვილმა.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, წარმატების მიღწევაში პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„მადლობა იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენი ბიჭებისთვის, ჩვენი გუნდისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იგრძნობოდა გუნდში ყოველთვის, ყოველდღე, ყოველ თამაშზე. შესაბამისად, წარმატება ვერ მოვიდოდა თქვენი ლოცვა-კურთხევისა და უფლის წყალობის გარეშე“, – განაცხადა კობიაშვილმა.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან 2 ივლისს დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს მსგავს დიდ და პრესტიჟულ შეჯიბრებებში მანამდე არ მიუღია მონაწილეობა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.