თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ქართული ინოვაცია „ციფრული უნივერსიტეტი“ პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის ქვეყნების 37 პროექტიდან სამ საუკეთესოს შორის დაასახელა.
„ციფრული უნივერსიტეტის“ წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ციფრული უნივერსიტეტი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა. ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებული სტუდენტები ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ: ისინი მხოლოდ წერით დავალებებს ასრულებდნენ, რომლებსაც კორესპონდენციების სახით იღებდნენ მათგან.
პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციური სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით, 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.
იუსტიციის სამინისტროს ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს მოიცავს.