„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: პარლამენტი მოქმედებს საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კატასტროფულად იზრდება ახალგაზრდებს შორის ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გამოყენება.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე კონტროლის საკითხებში საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც სიგარეტის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია დაიწყება არა 2024 წლის 31 ივლისს, არამედ 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს და აღნიშნული პროდუქციის გაყიდვა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
„სამწუხაროდ, თამბაქოს კონტროლის რეფორმების და კანონმდებლობის გაძლიერების ნაცვლად, პარლამენტი ხელს უწყობს კანონის ჩამოშლას, რომელმაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანას თავიდან უნდა ააცილოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალება და მნიშვნელოვნად შეამციროს თამბაქოსთან ასოცირებული მთლიანი ეკონომიკური ხარჯები", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სიგარეტზე, სიგარასა და სიგარელაზე წარწერების დატანების წესი საფრთხეს უქმნის ახალგაზრდებს.
„მათთვის ამოცნობადი და მიმზიდველი არ უნდა იყოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი აზრით, დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის და ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტებისთვის სტანდარტიზაციის არქონა ხელს შეუწყობს კონკრეტული ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მოზარდებსა და ახალაგზრდებს უბიძგებს დაიწყონ სწორედ იმ პროდუქტების მოხმარება, რომელიც მარკეტინგულად უფრო მიმზიდველი იქნება.
როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" აღნიშნავს, კატასტროფულად იზრდება ახალგაზრდებს შორის ელექტრონული სიგარეტის/ვეიპებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გამოყენება.
„ზოგადად, მოსახლეობის 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% მწეველია, რაც იწვევს უდიდეს ფინანსურ დანახარჯს და დიდი დანაკარგია სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლება მომავალ თაობებზე არ ფიქრობს და ამ საკითხზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ ისმის.
ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ აიკრძალოს ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და საქართველო გამოცხადდეს მომაკვდინებელი პროდუქტებისაგან თავისუფალ ქვეყნად.
თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა
ახალი სტანდარტების თანახმად, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
ყველა კოლოფი იქნება მუქი ფერის მუყაო ან ქაღალდი, გლუვი, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.