საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის მხოლოდ ხუთი პარტია დარეგისტრირდა

პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, ცესკოში 15 ივლისამდე უნდა წარადგინონ რეგისტრაციის შესახებ განცხადება
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ხუთმა პარტიამ გაიარა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
პარტიებისთვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს იწურება.
დღეის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", შალვა ნათელაშვილის პარტია „ლეიბორისტული პარტია", ისაკ გიორგაძის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო", გიორგი თუმანიშვილის „მესამე გზა" და გიორგი ლილუაშვილის „საქართველო".
პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, ცესკოში 15 ივლისამდე უნდა წარადგინონ რეგისტრაციის შესახებ განცხადება და მიიღონ მხარდამჭერთა სიის ნიმუში. აღნიშნულმა პარტიებმა რეგისტრაციის გასავლელად ცესკოში 2024 წლის 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ მინიმუმ 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
„ლელო საქართველოსთვის"
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი"
„მოქალაქეები"
„ევროპული საქართველო"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„სტრატეგია აღმაშენებელი"
„კანონი და სამართალი"
„ევროპელი დემოკრატები"
რესპუბლიკური პარტია"
„პროგრესი და თავისუფლება"
„სახელმწიფო ხალხისთვის".
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ბინადრობის ნებართვა, არ აქვთ უფლება შექმნან პარტიები, გაწევრიანდნენ პარტიაში ან გაიღონ შემოწირულობა პარტიებისთვის. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.