თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლამ საქართველოს ნაკრებს თავდაჯერებულობა შესძინა და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოუმუშავა, განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან გუშინწინ დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს მსგავს დიდ და პრესტიჟულ შეჯიბრებებში მანამდე არ მიუღია მონაწილეობა.
„ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა, მერვედფინალში გასვლა, ამ ყველაფერმა გუნდს რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა“, - განაცხადა გველესიანმა.
მისი აზრით, დღევანდელი გუნდის მაგალითზე, მომავალი თაობის წარმომადგენლები საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან.
„მომავალი თაობები ჩვენს მაგალითზე, იქნებიან საუკეთესო ტიპის ფეხბურთელები. ჩვენს ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები თამაშობენ ფეხბურთს, ისინი დაუბრუნდნენ ეზოებს და ეს ნამდვილად დადებითი ტენდენციაა“,- აღნიშნა გველესიანმა.
2 ივლისს ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
გველესიანის ბიოგრაფია
გველესიანი ირანული კლუბ „პერსეპოლისის" და საქართველოს ნაკრების მცველია. „თბილისის დინამოს“ აკადემიის აღზრდილი რამდენიმე წელი მშობლიურ კლუბში თამაშობდა, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა.
2017 წლის შუა რიცხვებში ის გახდა ირანული კლუბ „ზობ აჰანის" მოთამაშე, რომელთანაც ირანის უმაღლეს დივიზიონში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2022 წლის ივნისიდან მან „პერსეპოლისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გველესიანი 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩზე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად 26 ფეხბურთელს შორის განაცხადში მოხვდა.
მანამდე ფეხბურთელმა სურვილი გამოთქვა ეთამაშა ნაკრებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის შოტლანდიასთან, თუმცა, მთელი თამაში სათადარიგოთა რიგებში გაატარა.
ევროპის ჩემპიონატზე გველესიანმა სამი მატჩი ჩაატარა.