თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ფრანგ ვილი სანიოლთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი და იგი 2025 წელს დარჩება თუ არა გუნდში, გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნაკრებს მსგავსი დონის პრესტიჟულ შეჯიბრებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე გამგზავრებამდეც განაცხადა, რომ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
„კონტრაქტი წლის ბოლომდე გვაქვს. ძალიან გვინდა, რომ ის ჩვენთან იყოს რაც შეიძლება დიდხანს... საბოლოო ჯამში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, ოფიციალურად გავიგებთ, რა იქნება მომავალ წელს. სექტემბერში გვაქვს თამაშები. ვილისთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი გვაქვს და იგი ჩვენთან ერთადაა", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, სანიოლისადმი დიდი ინტერესი ჯერ კიდევ ევრო 2024-ის დაწყებამდე შეიმჩნეოდა.
„ეს არ არის სიახლე და არც არის გასაკვირი, რომ ვილის მიმართ ინტერესი იყო ტურნირამდეც და ეს გვახარებს“, - განაცხადა კობიაშვილმა.
რაც შეეხება თავად სანიოლის პოზიციას, კობიაშვილის თქმით, 2025 წელს გუნდში დარჩენა მასაც სურს.
როგორც ადრე თბილისის მერმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ აღნიშნა, სანიოლი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის ძალიან დაბალ და სასაცილო ანაზღაურებას იღებს - ყოველთვიურად 20 ათას ევროს.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. ახალ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 25 მარტს შედგა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
2 ივლისს, ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
სანიოლის ბიოგრაფია
ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელის ვილი სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში" დაიწყო, თამაშობდა „მონაკოში", „ბავარიაში", იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა და კონფედერაციის ორი თასი მოიგო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში იყო „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი; 2017 წელს წელს „ბაიერნის" მწვრთნელის ასისტენტი იყო. იმავე წელს კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი „ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2021 წლის თებერვლიდან კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია.