თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 7 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება.
გამოცდაზე აბიტურიენტების პირველი ნაკადის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. წელს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომლებიც სრულად არიან მომზადებული გამოცდების ჩასატარებლად: სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
დედაქალაქში დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსსადგურიდან საგამოცდო ცენტრამდე - ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 18,9 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია რეგისტრირებული.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
ავადმყოფობის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა დაუკავშირდეს გამოცდების ეროვნული ცენტრის „ცხელ ხაზს" (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეს გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.