საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა

ტექსტში საქართველოსთვის მიუღებელი ჩანაწერები, სამხარაძის თქმით, ამერიკის დელეგაციის ინიციატივით გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოთხშაბათს მიღებულ ბუქარესტის დეკლარაციას რეზოლუციებით მხარი არ დაუჭირა, რადგანაც იგი შეიცავს საქართველოსთვის მიუღებელ ჩანაწერებს არჩევნებთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ტექსტში საქართველოსთვის მიუღებელი ჩანაწერები, სამხარაძის თქმით, ამერიკის დელეგაციის ინიციატივით გაჩნდა.
„ერთი ეხება არჩევნებს და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოში 57 წევრი ქვეყანაა და ამ ქვეყნების უმეტესობაში წელს არჩევნები ჩატარდა, რვა ქვეყანაში კი უნდა ჩატარდეს არჩევნები, საქართველოს გარდა კი სხვა არჩევნები არ იყო ნახსენები... ეს არის დაუბალანსებელი მიდგომა“, განაცხადა სამხარაძემ.
დეკლარაციაში საუბარია ეუთოს ინსტიტუტების მიერ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შექმნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება მოხდეს კენჭისყრამდე საკმაოდ ადრე და ძირს უთხრის კენჭისყრის დემოკრატიულ სამართლიანობას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
„მეორე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხი, თითქოსდა პოლარიზაცია არის პრობლემა საქართველოში. მოუწოდებენ ხელისუფლებას მის აღმოფხვრაზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის პოლარიზაცია, მაგრამ პოლარიზაცია არის სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, პოლარიზაცია არის აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ეუთოს სხვა წევრ ქვეყნებში.
„და აქ ჩვენი პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ შეუძლებელია ცალკეული ქვეყნის გამოყოფა და თუ პრობლემა არსებობს, მაშინ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა - ეს არის მთელი ევროპის და დასავლური საზოგადოების პრობლემა. ამ შემთხვევაში საქართველოს გამოყოფა მიზანმიმართული დისკრიმინაცია იქნება“, - განაცხადა სამხარაძემ.
დეკლარაციაში საუბარია საქართველოს მყიფე დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანის შელახვაზე ხელისუფლების მიერ პოლიტიკისა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღებით, მათ შორის „რუსული ტიპის“ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით.
დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.
ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა, და აქციის მონაწილეებზე თავდასხმები. ხელისუფლებამ უნდა ისწრაფვოდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას, რათა შეამციროს პოლარიზაცია საქართველოში, ნათქვამია დეკლარაციაში.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.