წყალტუბოში მდებარე სანატორიუმების „რკინიგზელის“ და „იმერეთის“ აუქციონი ჩაიშალა

პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასანატორიუმ „რკინიგზელისა" და „იმერეთის" გასაყიდად გამოცხადებული მორიგი აუქციონი მყიდველების სიმცირის გამო ჩაიშალა.
სახელმწიფომ კურორტ წყალტუბოში მდებარე სანატორიების გაყიდვაზე აუქციონი 2022 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ამ დროისთვის აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან გაყიდულია ექვსი - „თბილისი", „ივერია", „მედეა", „უშიშროება", „სამგურალი" და „წყალტუბო", მათგან სამი 2022 წელს, სამი კი 2023 წელს გაიყიდა.
7 ივლისის აუქციონზე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ორი სანატორიუმი გაიტანა: „რკინიგზელი“ - 33 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასი 51 მლნ ლარი და „იმერეთი" - 41.150 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასი 31 მლნ ლარი.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, „რკინიგზელის" ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9,273. 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„იმერეთის" შემთხვევაში კი ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს 9 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია და ხუთი წლის განმავლობაში 80-ნომრიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურა განავითაროს.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით.
პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საზოგადოებრივი სივრცის განახლებას.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.