ეროვნული გამოცდები 2024: რამდენმა აბიტურიენტმა დააგვიანა გამოცდაზე

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი— Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო სესიაზე აბიტურიენტების 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 18,9 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია რეგისტრირებული.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს", - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება. გამოცდაზე აბიტურიენტების პირველი ნაკადის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.
წელს საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომლებიც სრულად არიან მომზადებული გამოცდების ჩასატარებლად: სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
დედაქალაქში დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსსადგურიდან საგამოცდო ცენტრამდე - ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.