თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში წვლილი შეიტანოს რეგიონში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშეწყობის მიზნით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე.
2021 წლის დეკემბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს დედაქალაქში მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების პრობლემები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით არსებული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობა, ასევე სამომავლო პერსპექტივები ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.
სომხეთის პირველ დიპლომატთან შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მტკიცე კავშირებს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რეგიონული მშვიდობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
არარატ მირზოიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მზაობისთვის, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თბილისს ოთხშაბათს, 3 ივნისს ეწვია.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.