ილია მეორე: საქართველო ღირსეულად წარდგა ევროპის ჩემპიონატზე

ილია მეორემ ფეხბურთელებს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები უსურვა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფებურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს წინაშე ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა, რამაც ქართველ ხალხს დიდი სიხარული მიანიჭა, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებაში.
ევრო 2024-ზე მონაწილეობისას ქართველმა ფეხბურთელებმა გააერთიანა მთელი ერი და განადიდა საქართველო მთელ მსოფლიოში. პლეი-ოფში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელმა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ ხალხის გულში ქართველი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებული და გმირები არიან.
„ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
პატრიარქმა ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის წარმატებული დებიუტი არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.
„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას", - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვის ტექსტში.
ილია მეორემ ფეხბურთელები დალოცა და ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები უსურვა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და პლეი-ოფზე გასვლისთვის კრიშტიანუ რონალდუს გუნდიც კი დაამარცხეს, სამშაბათს, 2 ივლისს საქართველოში პატივით დახვდნენ.