ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და გამარჯვების რწმენისთვის მადლობა გადაუხადეს

ფეხბურთელებს თბილისში გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გაოცებული იყვნენ იმ დახვედრის მასშტაბით, რომელიც გულშემატკივრებმა გუნდს ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების დღეს მოუწყვეს და მადლობა გადაუხადეს მათ მხარდაჭერისთვის.
2 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა და მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ტურნირზე გამართული მატჩებისთვის. გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით ადრე აეროპორტშიც დახვდნენ, ყველაზე აქტიურები კი ფეხბურთელებს თავიანთ სახლებთანაც კი ჩაუსაფრდნენ.
„ალბათ, ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, მთელი საქართველოსთვისაც ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ჩვენ ყველამ გამოვცადეთ ძალიან დიდი ემოცია. მადლობა ყველა ქომაგს. ვამაყობთ რომ ქართველები ვართ“, - განაცხადა ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა.
„ვამაყობ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ. მადლობა ყველას. გპირდებით, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. მადლობა კიდევ ერთხელ. მიყვარხართ მთელი გულით“, - განაცხადა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა.
„ველოდი, რომ რაღაც დიდი მოხდებოდა, მაგრამ დღეს ისეთი დიდი ემოციები იყო აეროპორტშიც კი, ყველას ვინც მოვიდა დიდი მადლობა. დღეს ყველა ადამიანს ვინც ჩვენთან მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, დიდი მადლობა“, - განაცხადა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა.
„წარმოუდგენელია ის, რაც ფეხბურთელებმა საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ ველოდით რომ გრანდიოზული დახვედრა იქნებოდა, მაგრამ ასეთს არ ველოდით“, - განაცხადა მცველმა სოლომონ კვირკველიამ.
„მათ მაგარი პერფორმანსები მოაწყვეს, ჩვენ ამას თამაშის დროსაც ვგრძნობდით. დიდი მადლობა, რომ ჩვენ ასეთი პატრიოტული ერი ვართ“, - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
„საქართველო ასეთი ბედნიერი არ მინახავს, გულწრფელად ვამბობ. ძალიან გაოცებული და გახარებული ვარ, რადგან ასეთი დღეები ჩვენს ცხოვრებაში იშვიათობაა. იმედი მაქვს, ეს ახალი გამარჯვებების დასაწყისია“,- განაცხადა მცველმა გიორგი გველესიანმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-ვე პირი დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.