დეპუტატი: „თავისუფლების მოედანს“ არჩევნებზე წარმატების შანსები არ აქვს

დეპუტატის თქმით, არჩევნებამდე პარტიის შექმნა და მაშინვე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ამიტომ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" შექმნის მიზეზი ეჭვს აჩენს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილ პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც ქარიზმატული ლიდერების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა საპარლამენტო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD, Eastern European Centre for Multiparty Democracy) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა.
დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკისთვის შეუფერებელიი არიან, რადგან ქარიზმატული ლიდერების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
„წინასარჩევი პერიოდი ახლოვდება და ბევრმა გამოთქვა სურვილი ამ ჟანრში ძალები მოსინჯოს. მე ვხედავ პრობლემას იმაში, რომ არასამთავრობო სექტორმა ვერ შექმნა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ხალხის გულის მოგებას. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, არჩევნებამდე პარტიის შექმნა და მაშინვე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეუძლებელია, ამიტომ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" შექმნის მიზეზი ეჭვს აჩენს.
„ვფიქრობ, რომ ახლა, როცა პოლიტიკური პარტია შეიქმნა არჩევნებამდე, შეუძლებელია ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და წარმატების მიღწევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი რაღაც პოლიტიკურ პარტიასთან ვაჭრობს ფულის, სიის, მომავლის თუ სხვა რამის გამო“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნამდვილად რომ ებრძოლათ საკუთარი პრინციპებისთვის, ისინი უფრო ადრე წარადგენდნენ საკუთარ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამი პარტიაა, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.