დღეს პრეზიდენტი ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს

საქართველოს ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ფეხურთის ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლისთვის მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღეს თბილისში დაბრუნდა. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
„სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
26 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაკრების შემადგენლობის და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენზე წარდგინების ინიციატივით გამოვიდნენ.
თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს სექტემბრის დასაწყისში გადასცემდა, რადგან ამ დროს შედგებოდა ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში.
ზურაბიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლისთვის ღირსების ორდენით 34 ადამიანის დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ თავდაპირველი სია 53 ადამიანისგან შედგებოდა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ორდენს 26-ვე ფეხბურთელი მიიღებდა, მაგრამ არა მთელი სამწვრთნელო შტაბი და გუნდის შემადგენლობა.
ფეხბურთის ფედერაციამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნაკრები ღირსების ორდენის დაჯილდოების ცერემონიაში მხოლოდ სრული შემადგენლობით მიიღებდა მონაწილეობას. ფედერაციის განცხადებით, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ საზეიმო ღონისძიება გუშინ დააანონსა.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.