თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ოპოზიციური პარტია „ახალისთვის“ ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრის გამართვაში მხარდაჭერის გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა.
ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის წევრმა ანა გოგოლაძემ დაწერა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა 29-30 ივნისს დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულმა პარტიის ქალმა-წევრებმა გამართეს და ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაზე ისაუბრეს. UNDP Georgia-ში განმარტეს, რომ მრავალი წელია ატარებენ ტრენინგებს პარტიებისთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით.
„მათ დემონსტრაციულად უნდათ, საქართველოში დემოკრატია ფეხქვეშ იყოს გათელილი, ანუ საქართველოში პოლიტიკური პროცესები უცხოური ფულით წარიმართოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოური ფულით პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება აკრძალულია.
„ის უცხოური ორგანიზაცია პატივს არ სცემს არამარტო საქართველოს, არამედ თავისი ქვეყნის კანონმდებლობასაც, იმიტომ, რომ მის ქვეყანაშიც აკრძალულია პირობითად უცხოური ფულით რაიმე პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება და მონაწილეობა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან ორმაგი სტანდარტი უწოდა, ერთის მხრივ, უცხოელი აქტორების მიერ ამ საკითხის იგნორირებას და მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი - მათ არ ეზარებათ ნებისმიერ საკითხზე განცხადების გაკეთება, მაგრამ ამ საკითხზე განცხადებას არ აკეთებენ. გასაგებია, რატომაც არ უნდათ იყვნენ გამჭვირვალე. სურთ თავიანთი კანონმდებლობის დარღვევით დააფინანსოს რევოლუციები და პოლიტიკური მოძრაობები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ეს ნეგატიურად აისახება ამომრჩევლებზე. მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
„გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას ყველა დონეზე - პოლიტიკაში, ეკონომიკაში თუ სოციალურ სფეროში. ამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტების მისაღწევად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორთან", - ნათქვამია „UNDP საქართველოს", განცხადებაში.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგები 2012 წლიდან რეგულარულად ტარდება.
„ტრენინგები არანაირად არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ან სხვა სახის მხარდაჭერას, მათი მიზანია გაზარდონ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და გააძლიერონ თანასწორობის პრინციპები", - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე „ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკი ობიექტი გახდა ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ფინეთი.
მმართველი პარტიის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დააფინანსა საქართველოს პარლამენტის ქალი-დეპუტატები, ფინეთის საელჩო ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა" და პარტია „ევროპული საქართველო".