თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და ანგარიშით 55-83 დამარცხდა.
ტურნირში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს დაიწყო და რომელზეც ზაფხულის 2024 წლის თამაშების ერთი საგზური გათამაშდება, 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.
ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის მეორე მატჩს 4 ივლისს ფილიპინების ნაკრებთან გამართავს.
დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 14 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ლატვიას ისტორიაში მეთერთმეტედ დაუპირისპირდა. უპირატესობა „ჯვაროსნების“ მხარესაა – 6 მოგება, 5 წაგება.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე ოთხი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომლებიც შესარჩევი ეტაპების შედეგების მიხედვით შეივსება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.