საქართველოს გავლით ტრანზიტული სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

საქართველოს რკინიგზამ 2023 წელი 86,8 მილიონი ლარის ოდენობის წმინდა მოგებით დაასრულა
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს გავლით სარკინიგზო გადაზიდვის მოცულობამ 7,7 მლნ ტონა შეადგინა, აქედან 47% რუსეთიის წილია, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" (GZD) ფინანსურ ანგარიშში.
2023 წელს რკინიგზამ მთლიანობაში 13,6 მლნ ტონა ტვირთი გაატარა, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით - ტვირთბრუნვის შემცირება ძირითადად სატრანზიტო მოძრაობის შემცირებით არის განპირობებული.

„თუ 2022 წელს სატრანზიტო ტვირთის მოცულობა იყო 8,6 მლნ ტონა, 2023 წელს იგი 7,7 მლნ ტონამდე შემცირდა. 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47% რუსეთიდან იყო", - ნათქვამია ანგარიშში.

2023 წელს სატრანზიტო ტვირთების 26%-ის გამომგზავნი ქვეყანაა აზერბაიჯანი, 3,4%-ის თურქმენეთი, 3,2%-ის რუმინეთი, 2,8%-ის ბულგარეთი, 2,3%-ის თურქეთი, 1,3%-ის ბელარუსი და 1,2%-ის ჩინეთი.
ამასთან, გასულ წელს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28,9% მოდის ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28,5% - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12,7% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
ტვირთების მოცულობის შემცირების მიუხედავად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასის სახით 239 მილიონი ლარი გაიცა, რაც 21,3-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
საქართველოს რკინიგზამ 2023 წელი 86,8 მილიონი ლარის ოდენობის წმინდა მოგებით დაასრულა - 78,1%-ით ნაკლები 2022 წელთან შედარებით.
მიმდინარე წელს შემოსავლის წყარო იყო სარკინიგზო გადაზიდვები, ტვირთების მომსახურება, ლოჯისტიკური მომსახურება, ვაგონების გადაზიდვის საფასური, ვაგონების დაქირავება, სამგზავრო გადაზიდვები და სხვა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის აქტივებმა 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2,5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის ჯამური ვალდებულებები 1,6 მილიარდი ლარია.
მათ შორის ყველაზე მსხვილი ვალდებულებებია 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის 7-წლიანი ევროობლიგაცია, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნდა დაფაროს. ევროობლიგაციების რეფინანსირებამ დაეხმარა რკინიგზას სასესხო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ მხრივ, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.