თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხურთის ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლისთვის მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღეს თბილისში დაბრუნდა.
რეისის ჩამოსვლა 07:30 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა გერმანიაში უამინდობის გამო ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო და ეროვნული გუნდი გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს 09:15 საათზე ჩამოფრინდა.
აეროპორტში ფეხბურთელებს გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ნაკრების ავტობუსმა აეროპორტის ტერიტორია ქომაგების შეძახილების - „მადლობა" და ტაშის ფონზე დატოვეს. ფეხბურთელები სასტუმრომდე გულშემატკივრებმა ავტოკოლონით მიაცილეს.
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ საზეიმო ღონისძიება დააანონსა.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.