თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი M&I Tbilisi 2024 ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც 1-4 ივლისის პერიოდში ტარდება, 250-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
2023 წელს თბილისმა discover Georgia powered by m&i ფორუმს უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო გაყიდვების 60-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მიზნობრივ ქვეყნებში საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციასა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.
წლევანდელი ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
„ჩვენ ეს გამარჯვება დიდი კონკურენციის შედეგად მოვიპოვეთ. ფორუმის ჩატარება ევროპის ბევრ წამყვან ტურისტულ ქვეყანას სურდა. ორგანიზატორებმა საქართველოში არაერთი ინსპექცია გამოგზავნეს და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, უმაღლესი შეფასება მოგვანიჭეს ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ტურისტული პროდუქტი, პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საავიაციო კავშირი, ძლიერი კერძო სექტორი, ქვეყნის უსაფრთხოება, რეპუტაცია, ცნობადობა და სხვა“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის გახსნის ცერემონიალზე.
m&I-ის კომერციულმა დირექტორმა ჰერი კაშემამ განაცხადა, ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად.
„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&I-ის ფორუმს. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან m&I-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. იმედი მაქვს, ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს, სასურველ მიმართულებად“,- აღნიშნა m&I-ის კომერციულმა დირექტორმა.
ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.
ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.
უწყების ცნობით, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.
m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.
m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში.