საეკლესიო კალენდარი: 2 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ივლისს მოციქულ იუდას, მოწამე ზოსიმეს; ღირს პაისი დიდის ; ღირსი იოანე განდეგილის და ღირს პაისი (ბულგარელის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა
წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან.
გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას და მხოლოდ უფროსმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი.
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.
საეკლესიო კალენდარი: 1 ივლისი
წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი
ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ტრაიანეს (89-117) ზეობისას. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან დააგდო სამხედრო სამსახური და ჭეშმარიტ ღვთისმოსავებს შეერთო.
უსჯულოებმა უფლის რჩეული ანტიოქიის მმართველ დომიციანესთან დაასმინეს. სამსჯავროზე წარმდგარმა ზოსიმემ ახოვნად აღიარა ქრისტე, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე კი უარი განაცხადა. ამისთვის მარტვილი სასტიკად აწამეს. მმართველის ბრძანებით, იგი გახურებულ სარეცელზე გააწვინეს, მაგრამ პირჯვრის მადლით დაცულს არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.
დომიციანემ განკარგულება გასცა, წმიდანი ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი სანდლებით ეტარებინათ. შემდეგ ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს მშიერ-მწყურვალი. ანგელოზმა პურითა და წყლით განუახლა ძალა მოუძლურებულს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველებით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, უღონოქმნილმა მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს. წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი პაისი დიდი
ღირსი პაისი დიდი დაიბადა ეგვიპტეში, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. წმიდანის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ კი ანგელოზის შეგონებით უმცროსი შვილი - პაისი ღვთისმსახურებს მიაბარა აღსაზრდელად. პაისიმ სიყრმეშივე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა წამოიზარდა, ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტს მიაშურა. აქ ნეტარმა სრულიად მოიკვეთა საკუთარი ნება და ყველაფერში მოძღვარს, წმიდა პამვას
პაისი წმიდა პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა.
თანდათან წმიდა მამის ირგვლივ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები შემოიკრიბნენ და მონასტრებიც დაარსდა. წმიდა მამას სული დაუმძიმა მდუმარების აღთქმის დარღვევამ და უფრო შორეულ მღვიმეში გადასახლდა. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას.
ღირსი იოანე განდეგილი
ღირსი იოანე განდეგილი პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად მოღვაწეობდა. ერთადერთი, რაც უპოვარ მოსაგრეს გააჩნდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იყო. წმიდა მამა ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმისა და სინას მთის წმიდა ადგილების მოსალოცად. მღვიმიდან გასვლის წინ იგი ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. ერთი, ზოგჯერ კი ექვსი თვის შემდეგაც უკან მობრუნებულ მამას კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა. ერთხელ, ვიწრო ბილიკზე ბერს ლომი შემოხვდა, გაქცევაც შეუძლებელი იყო და გვერდის ავლაც. მაშინ თვითონ ნადირთა მეფემ მოიდრიკა ქედი წმიდანის წინაშე: უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა განდეგილი
ღირსი იოანე განდეგილი VI საუკუნეში გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.
ღირსი პაისი ხილენდარელი (ბულგარელი)
ღირსი პაისი ხილენდარელი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე - ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. თავად პაისი რილის სავანეში მსახურობდა მორჩილად. 1745 წელს 23 წლის ასაკში, წმიდანი ძმასთან, ხილენდარის მონასტერში გადავიდა და ბერად აღიკვეცა. ღვთივგაბრძნობილი მოღვაწე მალე მღვდლად აკურთხეს. 1762 წელს ღირსმა პაისიმ დაწერა „სლავო-ბულგარეთის ისტორია“ . ნეტარი მამის მიცვალების დრო და ადგილი დღემდე უცნობია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.